თეგებით ძიება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს.

„30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია – გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებული საგზაო მონაკვეთი; 2 ოქტომბრის 00:00 საათიდან 8 ოქტომბრის 23:00 საათამდე მოძრაობა სრულად აიკრძალება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, იტალიის ქუჩაზე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი მძღოლები კი იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან ჭანტურიას ქუჩას.

3 ოქტომბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება აბანოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე – აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალი ახუნდოვისა და ისმაილ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით.

გარდა ამისა, 4 ოქტომბრის 12:00 საათიდან 7 ოქტომბრის 02:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე, ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ამავე პერიოდში, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტომობილების გადაადგილება დარჩება არსებული ვითარების შესაბამისად. შოთა გამცემლიძის ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით კი გადაადგილება შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.

შეზღუდვების პერიოდში მოძრაობის მიმართულება შეეცვლება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც.

კერძოდ, ავტობუსები: N326, N331, N342, N352 და N397 რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაცვლად, გადაადგილდებიან ალექსანდრე პუშკინის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

ავტობუსები: N320 და N323 ზაარბრიუკენის მოედნიდან დაუკავშირდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდის გავლით და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან კი, N320 იმოძრავებს ზაარბრიუკენის მოედნისკენ, N323 ავტობუსი – ჯავახიშვილის ქუჩისკენ და შემდეგ გადაადგილდება დადგენილი სქემით.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N536 და N550 მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩისკენ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N536 მიკროავტობუსი უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს იმოძრავებს ზაარბრიუკენის მოედნისკენ და მგზავრთა მომსახურებას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა