ცესკომ განმარტა რატომ ვერ მოხვდა პრეზიდენტის შვილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გადაამოწმეს საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები და დაადგინეს, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში, მას რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე“, – წერს ცესკო.
ცესკო მიმართავს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ კომისიას.
მანამდე „ნეტგაზეთმა“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან.