„სახეზე გვაქვს პატარა ბიჭის მკვლელობა არაფრის გამო“ - გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებული, ამ ეტაპისთვის, დუმილის უფლებით სარგებლობს.
საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, თოხაძემ დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა.
როგორც პროკურორი განმარტავს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თოხაძე მიიმალა და პოლიციის მიერ სხვა ადგილზე იქნა შეჩერებული.
შაიშმელაშვილის თქმითვე, ბრალდებული გასამართლებულია ოჯახის წევრის წინააღმდეგ განზრახ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებისთვის.
“სახეზე გვაქვს პატარა ბიჭის მკვლელობა არაფრის გამო. მან საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ დანასთან ერთად მიიმალა. რომ არა პოლიციის ოპერატიული ქმედება, შარტავას ქუჩაზე, მერიის წინ მისი შეჩერება და მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა არ გვექნებოდა”, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.
ადვოკატის, ირმა ინასარიძის განმარტებით, თოხაძეს ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს და ის ჩხუბის ინიციატორი არ იყო. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მას ჩხუბის კვალი სახეზე ეტყობა.
ცნობისთვის, მირიან თოხაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.