სიაში ვინ რომელ ადგილზეა მეასეხარისხოვანია, რადგან საქართველო გვყავს გადასარჩენი - გიორგი ბარამიძე
რა ნუმერაცია “ნაციონალური მოძრაობის” თუ სხვა პარტიის სიისა, როცა თავზე გვენგრევა ქვეყანა, ეს აინტერესებს ხალხს? , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„საპარლამენტო სია, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე, შეთანხმებულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, იმ ნორმებისა და პროცედურების დაცვით, რაც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობით. ამ სიაში ვინ რომელ ადგილზეა, არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, მეასეხარისხოვანია, რადგან საქართველო გვყავს გადასარჩენი. ამაზე ვართ კონცენტრირებული და არა იმაზე, ესა თუ ის შევა თუ არა პარლამენტში. ეს სია შედგება გამოცდილი პოლიტიკოსებისგან, ახალგაზრდა თაობისგან, რომელიც შემოგვიერთდა ამ ბოლო წლების განმავლობაში და იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ ჩვენს პარტიასთან შეხებაც კი არ ჰქონდა. არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც, მიხეილ სააკაშვილის აზრით, უნდა გაამდიდრონ ჩვენი გუნდი, უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი საკუთარ ნაჭუჭში და მარტო ჩვენი გუნდის წევრებზე არ გვაქვს აქცენტი.
რაც შეეხება სიაში მომხდარ ცვლილებებსა და გაკეთებულ განცხადებებს, ვერავინ ვერ ჩაგწერთ სიაში, თუ საკუთარი ხელით არ მოამზადეთ უამრავი დოკუმენტი. სიაში არავინ ჩაგწერთ, თუ ეს თავად არ გინდათ. ვინ სად წერია, ეს არ არის მნიშვნელოვანი, კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ სერგეი ლავროვს ეთანხმება და ცხინვალის და აფხაზეთი ცალკე ქვეყნებია, რა ნუმერაცია “ნაციონალური მოძრაობის” თუ სხვა პარტიის სიისა, როცა თავზე გვენგრევა ქვეყანა, ეს აინტერესებს ხალხს?” , - აღნიშნა ბარამიძემ.