თეგებით ძიება

"ქართული ოცნების თითქმის ყველა წინასაარჩევნო 'ზაგატოვკა", რომელსაც ხელისუფლების მხარდაჭერა უნდა გაეზარდა, ჩაფლავდა - ზურაბიშვილი

პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების თითქმის ყველა წინასაარჩევნო 'ზაგატოვკა" (სპეციალურად ვამბობ ასე, მათთვის გასაგებ ენაზე), რომელსაც ხელისუფლების მხარდაჭერა უნდა გაეზარდა, ჩაფლავდა.

ეგონათ, რომ რუსული კანონის შემობრუნება არ გამოიწვევდა ხალხმრავალ პროტესტს - გამოიწვია.

ეგონათ, რომ ეს კანონი არც დასავლეთის მხრიდან გამოიწვევდა ძალიან მკვეთრ რეაქციას - გამოიწვია.

ეგონათ, რომ სანქციები არ იქნებოდა - არის და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

ეგონათ, რომ დასავლეთი  ყურადღებას არ მიაქცევდა მათ ანტიდასავლურ და პრორუსულ განცხადებებს - მიაქციეს და ახლა არა მხოლოდ პასუხობენ, ალაფურშეტზეც აღარ პატიჟებენ ქვეყნის ოფიციალურ პირებს.

ეგონათ, რომ ჰომოფობიური რიტორიკით მიიმხრობდნენ ხალხის ფართო მასებს - ვერ მიიმხრეს, რადგან ხელისუფლების რიტორიკა,  თითქოს ისევ ისინი თუ არ აირჩიეს, ერი გადაგვარდება და დედას დედა აღარ ერქმევა და მამას მამა, ხალხმა სერიოზულად არ მიიღო.

ეგონათ, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით მიიმხრობდნენ ეკლესიას და მრევლს - არ გამოუვიდათ.  

ეგონათ, რომ სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდით და ომის დაწყებაში და საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებით რუსეთისგან მიიღებდნენ რაღაც ბუნდოვან მინიშნებას მაინც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამბავში - ვერ მიიღეს. პირიქით, ჯერ დაელაპარაკეთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს, გააფორმეთ მათთან თავდაუსხმელობის ვალდებულება  და მერე გენაცვალოთ ჩემი თავიო, შემოუთვალეს რუსებმა.

ჰოდა, ამდენი ჩაფლავების შემდეგ დღეს დადგნენ და ვითომც აქ არაფერიო, იძახიან, მთავარია არჩევნებში გავიმარჯვოთ და მერე ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც ადრე იყოო.

არ იქნება.

უფრო სწორად, ყველაფერი იქნება გაცილებით უკეთ, მაგრამ უთქვენოდ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა