თეგებით ძიება

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს უნდა იცოდეს აბსოლუტურად ყველამ - გიგაური მთავრობის განცხადებაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური TV პირველის ეთერში პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა [პრემიერი "მიზანშეწონილად" მიიჩნევს, რომ TI-ს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას] და აღნიშნა, რომ მთავარია, "ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი და ეს უნდა იცოდეს აბსოლუტურად ყველამ".

"ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა არ არის მარტივი, მაგრამ თუ ვიქნებით მოტივირებულები, თუ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რა თქმა უნდა, შედეგი ამას ექნება". - თქვა გიგაურმა.

TI-ში კობახიძის განცხადებაზე ანტიკორუფციული ბიუროს რეაგირებას ელოდებიან და როგორც გიგაური აღნიშნავს, "ძალიან სერიოზული რეპუტაციული პრობლემები შეექმნებოდათ მათ".

24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად დაასახელა და 5 დღის ვადაში, ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დააკისრა.

რის შემდეგაც, TI-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ ორგანიზაცია არ აპირებდა ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას.

25 სექტემბერს ამერიკელი სენატორები - ჯიმ რიში, ბენ კარდინი, პიტ რიკეტსი და ჯინ შაჰინი განცხადებაში გამოეხმაურნენ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას და მას შემაშფოთებელი უწოდეს.

გადაწყვეტილების გამო შეშფოთება საერთოდ განცხადებით გამოხატეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმაც და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმაც.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძემ დღეს განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია TI-ს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

"სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოუცხადა" - წერს კობახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა