დღეიდან სიგარეტის კოლოფის შეფუთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა
განსხვავებული ბრენდების სიგარეტებს ერთნაირი ფერის შეფუთვა ექნებათ. რეგულაცია დღეიდან შევიდა ძალაში. სიგარეტების კოლოფები ჟანგისფერი იქნება, თუმცა ბრენდები კოლოფების ფორმას არსებული სახით დატოვებენ. ახალ შეფუთვაზე განთავსდება წარწერები ქართულ და ინგლისურ ენაზე, რაც მწეველებს ბრენდის გარჩევის საშუალებას მისცემს. ახალი რეგულაცია დღეს ამოქმედდა, თუმცა მწარმოებლებსა და იმპორტიორებს არსებული პროდუქციის ამოსაყიდად ვადა 1 მარტამდე აქვთ.
რეგულაცია მიზნად მწეველების რაოდენობის შემცირებას ისახავს. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში ახალი ნორმის ამოქმედების მნიშვნელობაზე საუბრობს. ,,სიგარეტის კოლოფი როგორც დიზაინით, ასევე შეფერილობით მარკეტინგულად გამიზნულია კონკრეტულ სეგმენტებზე. მაგალითად, ყვავილებითა და სხვადასხვა ორნამენტებით გაფორმებული დიზაინის ძირითადი სეგმენტი ქალები არიან. წვრილი სიგარეტი უფრო პატარა კოლოფით იყიდება, უფრო ჩატეხილი კუთხეები აქვს, რაც გარკვეულ მიმზიდველობას ქმნის. სამწუხაროდ, წვრილი სიგარეტები ასეთი ჩატეხილკუთხეებიანი კოლოფით გაიყიდება ისევ. თუმცა ფერი შეიცვლება. თამბაქოს ინდუსტრიამ მაქსიმალურად შეასუსტა ეს რეგულაცია. კოლოფები დარჩება არსებულ დიზაინში და ფერი იქნება ერთფეროვანი. სიგარეტის ღერზე დატანილი იქნება ბრენდის დასახელება, რაც თავდაპირველ ვერსიაში ამოღებული იყო, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიამ დააბრუნა წარწერა ღერებზე, რაც მათი ბრენდის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. წვრილმანი საკითხები კვლავ ვაჭრობის თემა გახდა თამბაქოს ინდუსტრიასა და კონკრეტულ ჩინოვნიკებს შორის. სამწუხაროდ, მათ გარკვეულ შედეგს მიაღწიეს.’’- აცხადებს გიორგი ბახტურიძე.
სიგარეტის კოლოფის სადა შეფუთვა მას ნაკლებად მიმზიდველს ხდის. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარე ამბობს, რომ სადა შეფუთვით სიგარეტი ბავშვებისა და ახალგაზრდების ნაკლებ ინტერესს გამოიწვევს. გიორგი ბახტურიძე იმედოვნებს, რომ მწეველების ნაწილი შეამცირებს ან უარს იტყვის მოწევაზე. მისივე თქმით, სიგარეტზე მასობრივად უარს არ იტყვიან, თუმცა სადა შეფუთვის გამო მოწევაზე რამდენიმე ათასმა ადამიანმა, რომ თქვას უარი, ეს დიდი შედეგი იქნება.