ირანი საჰაერო მიმოსვლას დროებით აჩერებს
ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ფრენები 24 საათით შეჩერდება.
როგორც თეირანში განმარტეს, ეს ნაბიჯი „რეგიონში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა“ გადადგმული.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელზე ირანის სარაკეტო დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცეში სერიოზული პრობლემები გამოიწვია.
რამდენიმე ავიაკომპანიამ შეცვალა მარშრუტები ან გააუქმა რეისები. მათ შორის არიან: Etihad Airways, Emirates Airlines, Qatar Airways, Flydubai. ავიაკომპანიებმა ერაყსა და ირანში ყველა რეისი გააუქმეს, ზოგიერთმა ასევე, ისრაელისა და იორდანიის მიმართულებითაც.
ცნობისთვის, თეირანმა ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრი გამწვავების ფონზე მიიღო. 1-ელ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, ისრაელის მიმართულებით დაახლოებით, 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
თეირანში განაცხადეს, რომ ეს არის პასუხი „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერების, ასევე ირანის გუშაგთა კორპუსის გენერლის ლიკვიდაციაზე პასუხი.
ირანმა ისრაელზე პირველი სარაკეტო თავდასხმა აპრილში განახორციელა. მაშინ ისრაელს ირანზე საპასუხო დარტყმა არ მიუტანია, თუმცა თეირანს მკაცრი პასუხით დაემუქრნენ.
ისრაელი განაგრძობს დარტყმებს „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ლიბანში, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთში, ასევე ლიბანის სამხრეთში გრძელდება ისრაელის სახმელეთო სამხედრო ოპერაცია.