თეგებით ძიება
02. 10. 2024 მსოფლიო

ირანი მთელი რეგიონის გადაწვას რისკავს - შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირანსა და ჰეზბოლას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ისრაელზე თავდასხმა.

"ირანი მთელი რეგიონის გადაწვას რისკავს, ეს ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან. ჰეზბოლამ და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავდასხმები ისრაელზე". - თქვა შოლცმა.

ამასთან, შოლცის თქმით, გერმანია ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად პარტნიორებთან ერთად მუშაობას განაგრძობს.

ისრაელის თქმით, 1-ელ ოქტომბერს ირანმა მათი მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა "დიდი რაოდენობის" განეიტრალებაც ისრაელმა შეძლო. ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.

IDF-ის ცნობით, ირანის იერიშის შედეგად "ძალიან ცოტა დარტყმა" მოხდა და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, რადგან "მოსახლეობა პასუხისმგებლობიანად მოიქცა".

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირობა დადო, რომ ირანის თავდასხმას ისრაელი პასუხს გასცემს: "ამ [სარაკეტო] იერიშს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ვიმოქმედებთ". - განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა