ერდოღანის თქმით, ისრაელის შემდეგი სამიზნე თურქეთი იქნება
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორისა და ლიბანის შემდეგ ისრაელის სამიზნე თურქეთი იქნება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ლიბანის შემდეგ მომდევნო ადგილი, რომელსაც [ისრაელი] თვალს დაადებს, მკაფიოდ გეუბნებით, ჩვენი სამშობლო იქნება. ნეთანიაჰუს ოცნებები ანატოლიასაც მოიცავს“, - თქვა ერდოღანმა.
„რაც არ უნდა მოხდეს, თურქეთი გააგრძელებს ისრაელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მსოფლიოს დაპატიჟებას, რათა შეუერთდეს ამ კეთილშობილურ პოზიციას“, - დასძინა მან.
ერდოღანმა აგრეთვე გააკრიტიკა ისინი, ვინც ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ფონზე თურქეთს ნეიტრალიტეტის დაცვისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ ვეჯახებით საოკუპაციო ქსელს, რომელსაც მთელი რეგიონის ალში გახვევა სურს. არავის, ვისაც სინდისის ნატამალი აქვს, აქვს უფლება ჩუმად იყოს მასობრივი მკვლელობების ასეთი ქსელის ფონზე“ - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
„როგორც ჰიტლერი შეაჩერეს, როცა მან საკუთარი თავი გამადიდებელ შუშაში დაინახა, ისე შეაჩერებენ ნეთანიაჰუს“, - თქვა ერდოღანმა.