"ბიჭი ცხრა წლის იყო, როცა მასზე სექსუალურად იძალა" - ახალი სკანდალური დეტალები P.Diddy-ს საქმეში (ვიდეო)
100-ზე მეტი ადამიანი აპირებს, რომ რეპერ შონ დიდი კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის გამო სარჩელი შეიტანოს - BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ამერიკელი ადვოკატი, ტონი ბუზბი აცხადებს.
მისი თქმით, სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან არასრულწლოვნები. ზოგიერთი მათგანი ცხრა წლის ასაკში გახდა ძალადობის მსხვერპლი."ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზე მუშაობასაც აქტიურად გავაგრძელებთ," - განაცხადა ბუზბიმ ჟურნალისტებთან.
ერიკა ვოლფმა, რომელიც შონ კომბსის მხარეს წარმოადგენს, აღნიშნა, რომ რეპერი "მტკიცედ და კატეგორიულად" უარყოფს ბრალდებებს და მათ "ცრუ და ცილისმწამებლურს" უწოდებს.
პრესკონფერენციაზე ტონი ბუზბიმ ისიც აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი "არ დატოვებენ არც ერთ დეტალს გამოუქვეყნებელს“, რათა იპოვონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები სავარაუდო ძალადობის საქმეში, ან "ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ან ისარგებლა ამ შემზარავი დანაშაულებით“. თავის მხრივ, ერიკა ვოლფმა BBC-სთან აღნიშნა, რომ შონ კომბსი "მზად არის დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და თავი გაიმართლოს სასამართლოში, სადაც სიმართლე მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგინდება და არა ვარაუდებით“.
შონ კომბსი 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება რეკეტსა და სექს ტრეფიკინგში. ამჟამად ის იზოლატორში იმყოფება.
ტონი ბუზბის თქმით, ბრალმდებელ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 120-ია, მათი ნახევარი მამაკაცები არიან, ხოლო ნახევარი ქალები. ბუზბიმ ასევე აღნიშნა, რომ მსხვერპლთაგან 25 არასრულწლოვანია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შონ კომბსს ბავშვების სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
მისი თქმით, ბრალდებები 1991 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს. დანაშაულები კი ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და მაიამიში მოხდა. ყველაზე მეტი შემთხვევა 2015 წლის შემდეგ დაფიქსირდა.