ინდოეთში სკოლის დირექტორმა მაგიური რიტუალისას 11 წლის მოსწავლე მსხვერპლად შესწირა
ინდოეთში, ქალაქ ჰატრასში დირექტორმა სკოლის კეთილდღეობისთვის ჩატარებული მაგიური რიტუალის დროს 11 წლის მოსწავლე მსხვერპლად შესწირა.
The Times of India წერს, რომ მსხვერპლი დელიში მცხოვრები პროგრამისტი, კრიშან კუშვახის ვაჟია. ბავშვი სკოლასთან არსებულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. კუშვახს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მისი შვილი კრიტარტჰი ავად გახდა. მამა ჰატრასში ჩავიდა, თუმცა შვილი ვერსად იპოვა. მოგვიანებით მოსწავლეებმა უთხრეს, რომ დირექტორმა - დინეშ ბაგელმა ბავშვი საკუთარი ავტომობილით საავადმყოფოში წაიყვანა.
ბიჭის მამამ პოლიციას მიმართა. სამართალდამცავებმა მალევე აღმოაჩინეს ბაგელის ავტომობილი, რომელშიც კრიტარტჰის ცხედარი იპოვეს. ბიჭს კისერზე დახრჩობის კვალი ეტყობოდა.
ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ სკოლის მფლობელს „ტანტრული რიტუალების“ სწამს და მან თავის ვაჟს და სკოლის დირექტორს ბავშვის მსხვერპლად შეწირვა სთხოვა. ბაგელმა ბიჭი დაახრჩო, მკვლელობის შემდეგ კი მაგიური რიტუალი ჩაატარა.
სულ მკვლელობაში 5 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ამავე სკოლის ორი პედაგოგი. ყველა მათგანი დაკავებულია.