რესტორანში ხინკალი 12%-ით გაძვირდა, ბარში ლუდი 11%-ით - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 2.2%-ით გაიზარდა.
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის, სადაც მათ შორის შედის კაფეებსა და რესტორნებში ზოგიერთი პროდუქტის ფასიც.
მიმდინარე წელს მზარდია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, რესტორნებში ხინკალი წლიურად 12%-ით გაძვირდა. გასული წლის სექტემბერთან შედარებით 4%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 2%-ითაა გაზრდილი.
11%-ით გაიზარდა ბარში ლურდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ღირებულებაც და სექტემბერში წლიურმა ზრდამ 4% შეადგინა.