"ილიას მეუღლე და 17 და 14 წლის შვილები დარჩა... შეძრულები არიან ამ ტრაგედიით" - რას ჰყვებიან ტერაქტისას დაღუპულ ქართველზე მშობლიურ სოფელში
ისრაელში, თელ-ავივში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ქართველი მამაკაცის, 42 წლის ილია ნოზაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმ დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა და 15 დაიჭრა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, 1-ლ ოქტომბერს ორმა ტერორისტმა ადამიანები მატარებლის სადგურში ჩაცხრილა. მათ ნაწილი დანით, ნაწილი კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მათ შორის ილია, რომელსაც სამი ტყვია მოხვდა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ილია წარმოშობით ხაშურიდან იყო. ალის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ, სოფელ ქინძათში ცხოვრობდა. ამ სოფელში ცხოვრობს დღეს მისი ოჯახი, რომელიც მომხდარით შეძრულია. ილიას დარჩა მეუღლე და 17 და 14 წლის შვილები.
"ილია კარგი ახალგაზრდა იყო, მშრომელი ადამიანი, ძალიან დადებითად შემიძლია დავახასიათო. ძალიან განვიცდით ყველანი ამ ტრაგედიას. არასრულწლოვანი შვილები ჰყავს. ერთი მოსწავლეა, მეორემ წელს დაამთავრა სკოლა და ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. 6-7 წელია, რაც ილია წასულია ისრაელში. იქ მუშაობდა და ეს სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ. ძალიან განვიცდით ყველანი ამ ამბავს.
თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეზობლებს, სამეგობროს.
სოფელში ილიას სახლის გვერდით ცხოვრობს ილიას დედა, ძმის სახლში. ძალიან მძიმე ტრაგედიაა. ახლა სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში უდგას ოჯახს და დაეხმარება ცხედრის საქართველოში ჩამოსვენებაში. კონკრეტულად როდის ჩამოასვენებენ, ჯერ არ ვიცით.
ილია მშრომელი ბიჭი იყო, იქ წასვლამდე სოფლის მეურნეობას ეწეოდა", - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი ალის ადმინისტრაციულ ერთეულში, იაგო ქიტიაშვილი.
როგორც ირკვევა, სადგურზე მატარებელი გაჩერებული იყო და ამ დროს ტერორისტებმა გარედან მატარებელს ცეცხლსასროლი იარაღის ჯერი გადაატარეს. დაჭრილებს შორის არის საქართველოს კოდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
კიდევ ერთი ქართველი ქალი თურმე ამ მატარებელში იყო და ის სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ცნობილია ისიც, რომ იქვე გაანეიტრალეს ტერორისტები.
ამ შემზარავ ფაქტამდე ირანმა დაახლოებით 180-200 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით. როგორც მედია წერს, ეს ირანის ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ისრაელზე. ირანისგან მომდინარე თავდასხმისა და ისრაელში საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ მოხდა თელ-ავივში ეს ტრაგიკული ფაქტი, რომ ორმა ტერორისტმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა მატარებელსა და ქუჩაში, გაჩერებაზე. ამ ფაქტიდან მეორე დღეს ისრაელში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" უკვე აიღო. განცხადება თავად ტერორისტულმა დაჯგუფებამ გამოაქვეყნა. სადაც ნათქვამია, რომ ტერორისტები, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს, პალესტინელები არიან, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჰებრონიდან. ისინი ისრაელში არალეგალურად იმყოფებოდნენ. მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, "ჰამასის” წევრები იყვნენ. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გაანეიტრალეს პოლიციის წარმომადგენლებმა და შეიარაღებულმა მოქალაქეებმა. ერთი მოკლეს, მეორე - მძიმედ დაჭრეს. გარდაცვლილებს შორის 33 წლის ქალია, რომელიც 9 თვის შვილს გადაეფარა და ასე გადაარჩინა ბავშვი. გარდაცვლილებს შორის ერთი საბერძნეთის მოქალაქეა.
ისრაელში საქართველოს საელჩომ გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი და ნოზაძის ოჯახს თანაუგრძნობს.
"ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს 1-ლ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას", – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ილია ნოზაძის სამშობლოში ჩამოსვენებას ელოდებიან მისი ოჯახის წევრები და ნათესავები. მათ წარსულში ილიაზე საუბარი უჭირთ.
"ძალიან კარგი ადამიანი იყო, კარგი მამა, მეუღლე. ადამიანი იყო საოცარი, ალალი, თბილი, მიჭირს წარსულში საუბარი. ამ ამბის გაგების მერე ყველანი განადგურებულები ვართ, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჩემი ალალი მამიდაშვილია. ბავშვობა ერთად გავატარეთ და ყველაფერი კარგი მაგონდება. ყველა განვიცდით. ძალიან დიდი ოჯახი და სანათესავო გვყავს და ყველას საშინლად გვტკივა გული, 7 წელია, რაც წასულია. ძალიან მენანება და ძალიან მტკივა. ყველას მონატრებული წავიდა, როგორ გაიმეტეს...",- გვითხრა ილიას ბიძაშვილმა თეო მაჭარაშვილმა.