"მაკრონი სინანულს გამოთქვამს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე" - საელჩო
საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სინანული გამოთქვა საქართველოში მომხდარ ბოლოდროინდელ მოვლენებთან, კერძოდ, მიღებულ კანონებთან დაკავშირებით.
"მან აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა საქართველოში. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა, გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება". - წერია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, "საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით დააკვირდება იმ პირობებს, რომლებშიც ჩატარდება საარჩევნო კამპანია და 2024 წლის 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები".
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს 2024 წლის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება და საქართველო ევროპულ გზას ისევ დაუბრუნდება.
"რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".- ნათქვამია განცხადებაში.
3 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.