თეგებით ძიება

არცერთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთი განცხადებაც არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ უცხო ქვეყანა, ასანქცირებს საქართველოს მოქალაქეებს - შალვა პაპუაშვილი

არცერთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთი განცხადებაც არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ უცხო ქვეყანა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დარღვევით ჩაგრავს საქართველოს მოქალაქეებს, ასანქცირებს ისე, რომ არ ეძლევა მათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

პაპუაშვილს ჰკითხეს, რა გზავნილია ეს ხელისუფლებისგან, როდესაც შსს-ს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით ცნობილი ხდება, რომ წინასაარჩევნოდ შეიქმნება ჯგუფები რეგიონებში, არჩევნებზე წესრიგს დაიცავს ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, რომელიც დასანქცირებულია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ადამიანის უფლებების შელახვის გამო და განთქმულია თავისი სისასტიკით, რადგან არბევს მოქალაქეებს.

"ისე საუბრობთ და მოგყავთ მაგალითად დასავლელი პარტნიორები, ალბათ ცოტა ხანში, რელიგიას ჩამოაყალიბებთ. სადაც დოგმები იქნება დაწესებული და „დასავლელმა პარტნიორმა თქვა ეს“ - იქნება დოგმა ნომერი ერთი. ქართველმა ხალხმა 33 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, საკუთარი კანონებით და მართლმსაჯულებით. [სანქციებთან დაკავშირებული] გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ამერიკის შეერთებული შტატების ცალკეული უწყებების მხრიდან, არ აკმაყოფილებს სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს, რომელიც მოქმედებს საქართველოში. სავიზო რეჟიმის შეზღუდვებზე არ ვისაუბრებ, მათი ნებაა, ვის შეუშვებენ [ამერიკაში], ან არ შეუშვებენ, ჩვენც ასე ვიქცევით, ეს გასაგებია.

რაც შეეხება საფინანსო სანქციებს, ის თავისი არსით უტოლდება და არის სისხლის სამართლებრივი სასჯელის ხასიათის მატარებელი სანქცია. ჩვენს ქვეყანაში, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოში მოქმედებს სტანდარტი, რომ ასეთი სახის სანქციებისთვის საჭიროა ადამიანს ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამერიკის შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს არ მიენიჭათ სამართლებრივი სასამართლოს უფლებით სარგებლობის, საკუთარი თავის დაცვის, ადვოკატის აყვანის, გადაწყვეტილების გასაჩივრების, მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა. პროცესი იყო დახურული, არცერთი მტკიცებულება საჯაროდ წარმოდგენილი არ არის, რაც არ აკმაყოფილებს სამართლებრივი სახელმწიფოს იმ სტანდარტებს, რომელიც საქართველოში, როგორც ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს.

ჩვენ საქართველოს მიღმა რომელიმე სუბიექტის განცხადების საფუძველზე, ჩვენს მოქალაქეებს არაკონსტიტუციურად ვერ მოვექცევით. არცერთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთი განცხადებაც არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ უცხო ქვეყანა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დარღვევით, ჩაგრავს საქართველოს მოქალაქეებს, ასანქცირებს ისე, რომ არ ეძლევა მათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ზვიად ხარაზიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა