"მე-14 სართულზე გაჩნდა ხანძარი, გადავიდა მეორე ბინაშიც..." - ნაძალადევში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სადაც ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ მედიასთან განაცხადა, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა, სადაც ერთი პირი ცხოვრობს.
მისი თქმით, ქალბატონი გამოყვანილი იქნა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"16 - სართულიანი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა ხანძარი. ბინაში ქალბატონი ცხოვრობდა. ყველაზე მთავარია, რომ ქალბატონი გამოყვანილ იქნა. საგანგებო სიტუაციების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია და რაც მთავარი, მსხვერპლი არ არის. ექსპერტიზა შეაფასებს კორპუსის მდგრადობის საკითხს და რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობას ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ.
ხანძარი მეორე ბინაშიც გადავიდა, თუმცა ამ დროისთვის ლოკალიზებულია“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.