საქართველოს ნაკრებთან რთული შეხვედრა გველის - უკრაინის ნაკრების ყოფილი მცველი
უკრაინის ნაკრების და დონეცკის „შახტარის“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ კუჩერმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე „ჯვაროსნებზე“ და უკრაინის ნაკრებში არსებულ საკადრო პრობლემებზე გამოცემა Sport-express.ua-სთან კომენტარი გააკეთა.
ოქტომბრის მატჩებისთვის უკრაინის ნაკრებს ტრავმების გამო რვა ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. ამის გამო სერგეი რებროვის სამწვრთნელო შტაბმა გუნდში „შახტარის“ მეკარე დმიტრო რიზნიკი, ამერიკული „ოსტოინის“ მცველი ალექსანდრ სვატკო, „ოლექსანდრიის“ საყრდენი ნახევარმცველი ივან კალიუჟნი, კიევის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი ვიტალი ბუიალსკი და „პოლისიეს“ გარემარბი ალექსანდრე ნაზარენკო გამოიძახა.
ალექსანდრ კუჩერი: „უკრაინის ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი გათამაშება ცუდად დაიწყო, ქართველებმა კი პირიქით, ორი თამაში მოიგეს და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. ცხადია, საქართველოსთან რთული შეხვედრა გვექნება. შესაძლოა, შედეგის მიღწევა ახალი მოთამაშეების მონდომების წყალობით შევძლოთ.
უკრაინის ნაკრების რვა ფეხბურთელი ტრავმირებულია, რაც სერიოზული პრობლემაა. რებროვს მათი იმედი ჰქონდა და თამაშსაც შესაბამისად გეგმავდა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და ეს ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითი ფაქტია, რაც თამაშზეც აისახება.
ნაკრებში რამდენიმე ახალწვეულია, მათ გუნდთან ადაპტაციის პერიოდი უნდა გაიარონ და რებროვის მოთხოვნებს შეეგუონ, რასაც დრო სჭირდება და პირველივე შეკრებაზე შეუძლებელია. ჯობდა, ეს უფრო მშვიდ გარემოში მომხდარიყო და არა უმნიშვნელოვანესი მატჩების დროს“, – განაცხადა კუჩერმა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკრაინა ალბანეთთან (1:2) და ჩეხეთთან (2:3) დამარცხდა და ორი ტურის შემდეგ B1 ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს პოზნანში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.