ამ უსამართლო დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს - ირაკლი კობახიძე რეზოლუციაზე
არავისთვის გასაკვირი არაა ასეთი ტიპის აქტები და ის სურათი, რომელიც ევროპარლამენტში ვიხილეთ. გახსოვთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია მიიღეს და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოა და მმართველი გუნდისთვის ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს.
„აშკარაა, რომ კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის იმისთვის, რომ ასეთი სცენარის განვითარება მოახერხონ. ისინი იმედს ამყარებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ამისთვის შედგა ევროპარლამენტში ეს დისკუსია და ამისთვის იქნა მიღებული ეს რეზოლუცია, მაგრამ ამ ძალების ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის განწირულია ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, რა ინტერესებით მოქმედებენ ეს ძალები და ისწავლეს ისიც, რომ ასეთი რეზოლუციების უკან დგას არა ევროკავშირის და მისი მოსახლეობის ინტერესები, არამედ სხვა კონკრეტული ძალების ინტერესები. რაც შეეხება უსამართლობას, ძალიან მკაფიოდ იკითხება ამ რეზოლუციიდან უსამართლობა. ისევ საუბარია ქართულ ოცნების წარმომადგენლების დასჯაზე, საუბარია ნაციონალური მოძრაობის მფარველობაზე და ეს არის მთავარი წითელი ხაზი რომელიც ამ რეზოლუციას გასდევს. რა თქმა უნდა ამ უსამართლო დოკუმენტს ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას ჰქონდა და ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სამი რეზოლუცია“, - განაცხადა კობახიძემ.