ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განახლებული მონაცემების საფუძველზე კი ცესკოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის, ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი. კერძოდ, საუბარია დამატებით 7 უბნის გახსნის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებთან.
ხვალ ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცესკოში შემოსული წერილი, სადაც საუბარია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათ-განში შექმნილ ვითარებას და ამ სიტუაციაში საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.
დეტალურ ინფორმაციას სხდომის შედეგების და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ საზოგადოებას სხდომის დასრულებისთანავე მივაწვდით. მანამდე კი, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს, ნუ გამოიყენებენ საზღვარგარეთ ხმის მიცემის თემას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და ამომრჩევლის ინტერესებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.