100 წლის წინ, მწვერვალზე ასვლისას დაღუპული ბრიტანელი მთამსვლელის ცხედრის ნარჩენები იპოვეს
100 წლის წინ, მსოფლიოში ყველაზე მაღალ მწვერვალზე ასვლისას დაღუპული ბრიტანელი მთამსვლელის, ენდრიუ ირვინის ცხედრის ნარჩენები იპოვეს. მისი ფეხსაცმელი და სხეულის ნაწილები ევერესტის ჩრდილოეთ კალთის ქვეშ, ცენტრალური რონგბუკის მყინვარის ფართო სივრცეში იპოვეს. 100 წლის წინ დაკარგული მთამსვლელის ნარჩენების აღმოჩენას ყინულის დნობამ შეუწყო ხელი.
1924 წელს, ევერესტზე მესამე ბრიტანული ექსპედიცია ჩატარდა, რომელშიც ცნობილი მთამსვლელი ჯორჯ მელორიც მონაწილეობდა.
ექსპედიციის წევრები 1924 წლის ივნისში დაიკარგნენ. მელორის ცხედარი 1999 წელს იპოვეს, ირვინი კი ერთი საუკუნის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
მთამსვლელების დაღუპვის მიზეზი დღემდე უცნობია.