კიოლნში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს
გერმანიის ქალაქ კიოლნში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამერიკული ავიაბომბი იპოვეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
თავდაპირველად გამნაღმველებმა 500 კგ-იანი ბომბიდან დეტონატორების ამოღება სცადეს, მაგრამ ორი დეტონატორიდან მხოლოდ ერთის გაუვნებელყოფა მოხერხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის მახლობლად რამდენიმე საავადმყოფო მდებარეობდა. ამიტომ გამნაღმველები ამას 1945 წლიდან „ბომბის გაუვნებელყოფის ყველაზე რთული ოპერაცია“ უწოდეს.
იმის გამო, რომ ერთი დეტონატორის ამოღება ვერ მოხერხდა, ბომბი ადგილზევე ააფეთქეს. მანამდე კიოლნის ხელისუფლებამ 10 კმ-ის რადიუსიდან 6400 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ბომბი ორი დღის წინ სამშენებლო სამუშაოების დროს, კიოლნის აღმოსავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს. საშიშ ზონაში მდებარე საავადმყოფოებში 650 პაციენტი იმყოფებოდა, რომელთა ნაწილის ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ამიტომ ისინი ერთ-ერთი კლინიკის უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან უკვე თითქმის 80 წელი გავიდა, კიოლნში ავიაბომბებს საკმაოდ ხშირად პოულობენ. ქალაქში მხოლოდ 2024 წელს სამი ბომბი იყო აღმოჩენილი და გაუვნებელყოფილი.
კიოლნზე 1942 წლის 30 და 31 მაისს ბრიტანული ავიაციის ათასობით ავიაიერიში განხორციელდა. დაბომბვის შედეგად კიოლნის ცენტრალური ნაწილი მიწასთან იყო გასწორებული.