ინდოეთი რუსეთისთვის, აკრძალული ტექნოლოგიების სიდიდით მეორე მიმწოდებელი გახდა - Bloomberg
ინდოეთი რუსეთისთვის, აკრძალული ტექნოლოგიების სიდიდით მეორე მიმწოდებელი გახდა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ამერიკელი და ევროპელი თანამდებობის პირების განცხადებებზე დაყრდნობით წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში, ინდოეთიდან მიკროჩიპების, მიკროსქემებისა და ჩარხების ექსპორტმა 60 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტიაწინა თვეების მაჩვენებელთან.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, ამ მაჩვენებლით, ინდოეთი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება.
"თანამდებობის პირების თქმით, ბოლო მონაცემები მოწმობს, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი საიდუმლო ტექნოლოგიების თითქმის მეხუთედი, ქვეყანაში ინდოეთიდან ხვდება“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის უმეტესობის ექსპორტის გზით გადაცემა აკრძალულია, რის გამო, ის იძულებულია, ასეთი შენაძენები მესამე ქვეყნების გავლით გააკეთოს, რისთვისაც, ზოგჯერ დასავლური ფირმების შვილობილ კომპანიებსა თუ შუამავალ ქსელებს მიმართავს. საკითხში გარკვეული წყაროების თქმით, იმ ფონზე, რომ დასავლელი მოკავშირეები თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ასეთი მარშრუების შეზღუდვას ცდილობენ, ჩნდება ალტერნატიული გზები, მათ შორის - ინდოეთი, მალაიზია და ტაილანდი.
როგორც დასავლელი თანამდებობის პირები აღნიშნავენ, რუსეთი რუპიების უზარმაზარ მარაგს იყენებს, რომელიც ნავთობის გაყიდვით აქვს დაგროვებული.
"რუსეთთან გაზრდილმა თანამშრომლობამ ინდოეთი ბოლო თვეების განმავლობაში, ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების სააგენტოების სამიზნედ აქცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახაზინო მდივნის მოადგილემ უოლი ადეემომ ინდოეთის მრეწველობის კონფედერაციის მაღალჩინოსნებს ივლისში წერილი მისწერა და ინდური კომპანიებისთვის სანქციები დაწესების რისკის შესახებ გააფრთხილა.