თეგებით ძიება

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება - გიორგი კალანდარიშვილი

ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილმა სატელეფონო შეტყობინება მიიღო, სადაც მათ არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ და სამსახურის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს თანამშრომლებზე ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით - ამბობს კალანდარიშვილი და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ მსგავს პროვოკაციებს.

"ადმინისტრაციის გუნდთან ერთად აგრძელებენ მუშაობას და მსგავსი ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას.

სამწუხაროდ, აქამდეც იყო მსგავსი ფაქტები, როდესაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსყიდვის, მათ მიმართ მუქარის, თუ ზემოქმედების სხვა ფორმების გამოყენების მცდელობებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტიც წარმოადგენს ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და მისი დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილს, რომლებიც წლებია მიზანმიმართულად ხორციელდება და საზოგადოებას ამის შესახებ კარგად მოეხსენება.

ბუნებრივია, ასეთი ტენდენციები, უკვე არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს.

მინდა მოვუწოდო საარჩევნო ადმინისტრაციის - საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ხელი შეუშალონ თქვენს პროფესიულ საქმიანობას.

აქვე მივმართავ იმ პირებს, თუ ჯგუფებს ვინც გეგმავს და ახორციელებს მსგავს პროვოკაციებს. პროცესის დაზიანება არცერთი დაინტერესებული მხარისთვის არ იქნება სასარგებლო და შედეგის მომტანი.

ჩვენი მხრივ კი, კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, რომ მიუხედავად ნებისმიერი დესტრუქციული მცდელობებისა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს მაღალპროფესიულ დონეზე, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და უზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებას.

საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი და არ დაუშვებს თანამშრომლებზე ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა