"რაც ჩეხეთთან ვერ გავიტანეთ, საქართველოსთან გავიტანთ“ - ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი
ალბანეთის ნაკრების შემტევმა, ნედიმ ბაირამიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
ის გამოეხმაურა ალბანეთის ნაკრების მარცხს ჩეხეთთან და პირობა დადო, რომ აღნიშნულ მატჩში გაშვებულ შესაძლებლობებს საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრაში გამოიყენებენ.
"ვიცოდით, რომ ჩეხეთი თავიდანვე აგრესიულად შემოგვიტევდა. მოწინააღმდეგე ხშირად უხეშობდა და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ხისტი იყო. თამაშის სადავეებს მე-15 წუთიდან ვფლობდით, თუმცა სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ. რაც შეეხება უკრაინა - საქართველოს მატჩის შედეგს, ამან იმედი მოგვცა, რომ დასრულებული არაფერია. ვიმედოვნებთ, რომ „ჯვაროსნებს“ იმ გოლებს გავუტანთ, რომლებიც დღეს ვერ გავიტანეთ“, - აცხადებს ფეხბურთელი.
ცნობისთვის, უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა უკრაინის გამარჯვებით - 1:0 დასრულდა, ხოლო ჩეხეთის ეროვნულმა გუნდმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობსი სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
წყარო: lagazzetta.ge