12 დღეში ეს ქვეყანა იწყებს ახლა ცხოვრებას - ანა დოლიძე
ანა დოლიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" 12 წელი ჰქონდა, რათა დაემტკიცებინა, რომ საერთოდ ადარდებს ქართველი ადამიანის ბედი, თუმცა მან ეს დრო გაფლანგა.
„როგორც ჩანს მთავარი რაც ხელისუფლებას აღიზიანებს ჩვენს კოალიციაში, ეს არის ყველაზე საქმიანი კამპანია. ვერცერთი პარტია, ვერცერთი კოალიცია მე ვფიქრობ, ვერ შეგვედრება იმაში, ჩვენ გვაქვს კარგად გაწერილი, ნაფიქრი გეგმა, არამარტო სურვილები, არამედ გეგმა, როგორ გავხადოთ ეს ქვეყანა მართლაც ძლიერი და მთავარი დასტური რომ ეს ნამდვილად ასეა, ესაა „ქართული ოცნების" გაღიზიანება ჩვენს გეგმასთან დაკავშირებით. ახალი სტანდარტი, ახალი წესი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს ქართულ პოლიტიკაში, არის ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვიღაცას შევეჯიბროთ იმით, რომ ის დავამციროთ, ან გავწიროთ, ან დავცინოთ. უნდოდა „ქართულ ოცნებას", რომ ჰქონოდა უკეთესი გეგმა, უკეთესი სახელი და უკეთესი იდეები ? ! 12 წელი ჰქონდა ამისთვის რომ ეს გაეკეთებინა, 12 წელი შეეძლო მას დაემტკიცებინა, რომ საერთოდ ადარდებს ქართველი ადამიანის ბედი. 12 წელი გაფლანგა მან ისე რომ ერთი, ახალი დიდი პროექტი არ დაიწყო არსად საქართველოში. დავდივართ, ვეძებთ რა გააკეთეს, რამე დიდი - არაფერი. ჩვენს პროგრამაში მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ გავაკეთებთ აქედან ნამდვილ, ევროპულ სახელმწიფოს. ეს არ არის მარტო ამოცანა, შეხედეთ ჩვენს გუნდს, მსოფლიოში პირველ ადგილზე გავდივართ დოქტორების რაოდენობით პოლიტიკურ პარტიაში. გარდა ამისა ყველაზე ევროპული კოალიცია არის ეს, იმიტომ რომ 20 გამსვლელი ადგილიდან 10 ქალი არის ჩვენს სიაში. არავითარი კვოტები არ დაგვჭირდა იმისთვის, რომ გვეთქვა საქართველოში თანასწორი ადგილი ქვეყანაში აქვს როგორც მამაკაცს, ასევე ქალს. ეს არის უძველესი ქართული ტრადიცია. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს გეგმაში და იმ იდეაში ეს არის ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა", - განაცხადა ანა დოლიძემ.