უკრაინული მედია - 2017 წელს გიზო უგლავა და დავით საყვარელიძე ოდესის მერს 500 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ სისხლის სამართლის წარმოების გადაწყვეტას სთავაზობდნენ
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილე გიზო უგლავა, უკრაინაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე და რამდენიმე ადამიანი ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს 500 ათას დოლარს სთხოვდნენ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის დასრულების სანაცვლოდ. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის რადას ყოფილ დეპუტატზე, იგორ მოსიიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გუშინ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 2024 წლის 3 სექტემბერს გათავისუფლებული უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე გიზო უგლავა შესაძლოა მართლსაწინააღმდეგოდ 500 ათას დოლარს ითხოვდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრობლემის გადასაწყვეტად“, - ამბობს მოსიიჩუკი.
მედია ავრცელებს მერის დაკითხვის ოქმს. როგორც ოქმიდან ირკვევა, მოქმედება 2017 წელს ვითარდებოდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უგლავა ტრუხანოვს ანტიკორუფციული ბიუროს ოფისში შეხვდა. საუბრის დროს მან ოდესის მერს საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან, დავით საყვარელიძესთან და ვინმე ირაკლისთან შეხვედრა შესთავაზა.
შემდეგ ტრუხანოვს ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრე გრანოვსკი დაუკავშირდა და ზემოთ მოყვანილ პირებთან შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში დაგეგმა. აღნიშნულ შეხვედრაზე ტრუხანოვს 500 ათასი დოლარი მოსთხოვეს, რაზედაც მან უარი განაცხადა. უარის შემდეგ ცოტა ხანში უგლავამ პირადად წარუდგინა ტრუხანოვს ბრალდება „კრაიანის“ ქარხნის საქმეზე.