თეგებით ძიება

ჭის წყლით ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს როგორც ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით, ასევე შესაძლებელია კრიპტო და ამებით ინფიცირება - მაია ბუწაშვილი

21-ე საუკუნეში, ცივილიზებულ სახელმწიფოდ რომ მოგვაქვს თავი და ხალხი ჯერ ისევ ჩეჩმას იყენებს, წარმოუდგენელია - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში კანალიზაციისა და ცენტრალური წყალმომარაგების გარეშე ყოფნის საფრთხეებზე წერს.

„საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს კანალიზაცია და ცენტრალური წყალმომარაგება, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობას (თუმცა ქალაქებშიც ხშირია, მაგალითად, თბილისის შემოგარენში). 

ეს რომ ძალიან დიდი პრობლემაა და ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს, ქვემოთ შევეხები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რატომღაც ამაზე დიდად რომ ღელავდეს და ზრუნავდეს სახელმწიფო, არ შეინიშნება. შიგადაშინ გამონათებებს თუ არ ჩავთვლით, ფართო მსჯელობის საგანიც კი  არ არის. არადა, 21-ე საუკუნეში, ცივილიზებულ სახელმწიფოდ რომ მოგვაქვს თავი და ხალხი ჯერ ისევ ჩეჩმას იყენებს, წარმოუდგენელია. თუმცა არა მარტო ჩეჩმა, ინდივიდუალური საკანალიზაციო ჭებიც, რაც ძალიან აქტუალურია, დიდ პრობლემას წარმოადგენს. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირია სასმელი წყლის მიღება ჭიდან ან ჭაბურღილიდან, საერთოდ არ არის გასაკვირი ამ ქვეყანაში ამდენი ნაწლავური ინფექციის შემთხვევა. 

ჭის წყლით ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს როგორც ბაქტერიებით (სალმონელა, ეშერიხია და სხვ.), ვირუსებით, პარაზიტებით (საკმაოდ ხშირია ჯიარდიაზის შემთხვევები. ასევე შესაძლებელია კრიპტო და ამებით ინფიცირება). 

გარდა ამისა, ჭის წყალს შეიძლება შეერიოს ნიადაგიდან ჩაჟონილი ნიტრატები, პესტიციდები და სხვა ქიმიკატები. 

ჭაბურღილის შემთხვევაში რისკი ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი ჭის, რადგან უფრო ღრმაა, მაგრამ რისკი  მაინც მაღალია, განსაკუთრებით წვიმის დროს, როცა მატულობს ზედაპირიდან დაბინძურებული წყლის ჩაჟონვის რისკი.

მოკლედ, მთავრობა იქნება თუ ოპოზიცია, წინასაარჩევნო დაპირებებში ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი რომ დიდად არ ფიგურირებს (ან ზერელედ ფიგურირებს და არა დასაბუთებულად, რა გეგმა და ფინანსური გათვლები არსებობს ამ საკითხის მოსაგვარებლად), ეს ძალიან ცუდია.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ როგორც ერთი ღრმად ერუდირებული პოლიტიკოსი იტყოდა, ევროპის ქვეყნებში ხალხს წყალი ენატრება (და ალბათ წვიმას უშვერენ პირს), ჩემს მიერ დასახელებული პრობლემები რა მოსატანია“ - წერს მაია ბუწაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა