ლვოვის საკრებულომ პოლიციას უფლება მისცა, ქალაქის ქუჩებში მიტოვებული ავტომობილების გაყიდოს
უკრაინის ქალაქ ლვოვის საკრებულომ პოლიციას უფლება მისცა, ქალაქის ქუჩებში მიტოვებული ავტომობილების გაყიდოს.
ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატების დღევანდელ გადაწყვეტილებაში წერია, რასაც Zaxid.net ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილებით, პოლიციამ მიტოვებული ავტომობილების ჩამორთმევის უფლება მიიღო.
დადგენილების თანახმად, მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებად კომუნალურ მიწის ნაკვეთებზე უნებართვოდ გაჩერებული და თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოუყენებელი ავტომობილები ითვლება. მერიის შეფასებით, ასეთი ავტომობილები ექსპლუატაციის შესაძლებლობებს კარგავენ, როგორიც არის მნიშვნელოვანი ნაწილების დაკარგვა ან მათი ნაწილობრივი განადგურება. ამასთან, სითხეებისა და საპოხი ზეთების გაჟონვის გამო ისინი შესაძლოა, დაბინძურების წყაროდ იქცნენ.
ასეთი ავტომობილების გამოსავლენად ქალაქის რაიონული გამგეობები ტერიტორიებს რეგულარულად გამოიკვლევენ. მიტოვებული მანქანის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციის თანამშრომლები შეადგენენ ოქმს, ავტომობილს ფოტოსურათებს გადაუღებენ და მასზე საინფორმაციო სტიკერს დააკრავენ. თუ მფლობელი ერთი თვის განმავლობაში არ გამოჩნდა, ავტომობილს ეროვნული პოლიციის სპეციალურ ადგილას გადაიყვანენ.
ჩამორთმეული მანქანები ექვსთვიანი შენახვის შემდეგ გაიყიდება. თუ მფლობელი ავტომობილს არ წაიყვანს, მისი გაყიდვიდან შესული თანხა სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება. ასევე, თუ მფლობელი კომპენსაციას არ მოითხოვს, სამი წლის შემდეგ თანხა ქალაქ ლვოვის ბიუჯეტში ჩაირიცხება.
წყარო: bpn.ge