თეგებით ძიება

საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად, მიწისქვეშა ტრანსპორტის განვითარება შეჩერდა და მიწის ზემოთ საცობების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა - ნიკოლოზ კაჭკაჭური

ჰაერის დაბინძურებისა და ჯანმრთელობის გლობალური ალიანსის (GAHP)  2019 წლის ანგარიშის თანახმად,  ატმოსფერული და შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების შედეგად საქართველოში წელიწადში ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე 140  ადამიანი კვდება, რაც ევროპის მასშტაბით, საკმაოდ  მაღალი მაჩვენებელია (პირველ ადგილზე სერბეთია - 175 ადამიანი). ამასთან საქართველოს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საერთაშორისო სტანდარტებს მკვეთრად აღემატება. დაბინძურების მაღალი დონით თბილისი რეგიონში მოწინავეა. ეკოლოგების აზრით, საქართველოში ჰაერის ყველაზე დიდი დამაბინძურებელი წყარო ტრანსპორტი და სატრანსპორტო საცობია, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ეკოლოგიურად სუფთა ელეტროტრანსპორტის გაუქმების შემდეგ გახდა. თემაზე, რა გახდა თბილისში ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკის გაუქმების მიზეზი TIA.GE-ს მძღოლთა ასოციაცია „ტასატის“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ კაჭკაჭური ესაუბრა:

- ჰაერის დაბინძურება და მისგან გამოწვეული დაავადებების გახშირება ისეთი პრობლემაა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს აწუხებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა და ქალაქი ცდილობს ეკოლოგიურად სუფთა ელექტროტრანსპორტი ჰქონდეს და თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაიცვას. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი პირიქით მოხდა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი წინა ინტერვიუ ზოგმა სწორად ვერ გაიგო, ამიტომ ვისაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეუძლია, ნუ წაიკითხავს. რაც შეეხება ელექტროტრანსპორტს, თბილისში ტროლეიბუსი 1937 წლიდან, ტრამვაი კი 1883 წლიდან ფუნქციონირებდა. ტრამვაი თავიდან ცხენის წევაზე მუშაობდა, 1904 წლიდან კი ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა.  2006 წლის 4 დეკემბერს თბილისის ტრამვაის სისტემა, სატროლეიბუსო სისტემასთან ერთად, გაუქმდა და მათ ნაცვლად, ქალაქში მეორადი ჰოლანდიური ავტობუსები შემოვიდა. 

- ელექტროტრანსპორტის გაუქმების მიზეზი რა გახდა?

- ხან ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა მოიმიზეზეს, ხან  ელექტროენერგიის სიძვირე, ხან ტრამვაი-ტროლეიბუსების მძღოლებისთვის გასაცემი ხელფასი, მაგრამ სინამდვილეში, რკინის, ფოლადისა და სპილენძის მასალის ხელში ჩაგდება და ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკების ტერიტორიები აინტერესებდათ, სადაც ზოგან უზარმაზარი ბაზრობა გაიხსნა, ზოგან კი საცხოვრებელი სახლების აშენება იგეგმება. 

როდესაც ელექტროენერგიის სიძვირეზე დაიწყეს საუბარი, ჩვენ პატარა ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ტროლეიბუსზე მრიცხველი დავაყენეთ. დღის ბოლოს ვნახეთ, რომ ტროლეიბუსმა მხოლოდ  6 თუ 8 ლარის ელექტროენერგია მოიხმარა, იმიტომ, რომ ელექტროტრანსპორტი დაძვრისას ელექტროენერგიას მოიხმარს, მაგრამ მოძრაობისას ამ ელექტროენერგიას ქსელში აბრუნებს, ამიტომ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარებაზე საუბარი ტყუილია. მერე მოიმიზეზეს, რომ ტრამვაი-ტროლეიბუსების მძღოლებისთვის დაგროვილი დავალიანება რომ გაესტუმრებინათ, იმიტომ გაყიდეს. 

- იქნებ მართლა ასეა?

- რომელ დავალიანებაზეა საუბარი, როცა თბილისში 100-ზე მეტი ტროლეიბუსი და ათობით ტრამვაი დადიოდა და თითოეული დაახლოებით, 16 ტონას იწონიდა (აქედან 3-4 ტონა სპილენძი იყო). ამას დაუმატეთ ახალი ფოლადის რელსები, ტროლეიბუსების ხაზები, წევის სადგურები, მაზუთში მოხარშული შპალები და ა.შ. ზუსტად იმ პერიოდში ტრამვაი-ტროლეიბუსების ხაზები უნდა გამოეცვალათ, ტელმანის ქუჩაზე, დახვეული ელაგა და აქედანვე გაქრა. ამბობდნენ, რომ „მხედრიონმა“ გაიტანა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მართალია. ასე დაიტაცეს შტაბელებად დაწყობილი ახალი რელსები. იცით რა სიგრძის რელსებზეა საუბარი? თბილისში ტრამვაის ხაზი 100 კმ-ზე მეტი იყო, დაახლოებით ამდენივე  ტროლეიბუსების ხაზი.  მე იმ დროს სატრანსპორტო სამსახურში ვმუშაობდი. რელსები და მაზუთში მოხარშულ შპალები რუსეთიდან შემოგვქონდა და ეტაპობრივად ვცვლიდით. ვიღაცამ არეულობის წლებით ისარგებლა, გააუქმა, გაძარცვა, ქვეყნიდან გაიტანა და ჯართში ჩააბარა და ამით მილიონები იშოვა. ეს ხალხი მილიონრები რომ არიან დღეს, საიდან არიან? ჩვენი ქონებიდან, რომელიც მიიტაცეს. ავჭალაში ახალი აშენებული პარკი დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს. 

- როგორც მახსოვს, იმ დროს უბრალო მოქალაქეებიც ცდილობდნენ ხაზების მოპარვას.

- დიახ, ცდილობდნენ და ამას ერთხელ მსხვერპლიც მოჰყვა. გლდანში ვიღაცა ხაზების მოსაპარად ავიდა, დენმა დაარტყა და მოკლა. ერთხელ ვიღაცამ უდენოდ დარჩენილ, გაჩერებულ ტრამვაიში დიზელის ძრავი ჩადგა და  დასეირნობდა. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ივანიშვილს 20 ტროლეიბუსის შემოყვანა უნდოდა და ამის საშუალება არ მისცეს, იმიტომ, რომ გაყიდვას გეგმავდნენ. იმდროინდელ მერიას ვთხოვე, რომ ტრამვაის სპილენძისგან დამზადებული, უნიკალური წევის ქვესადგურები მაინც შეენარჩუნებინა, რომლებიც ყოველ 3 კილომეტრში იდგა. ამ ქვესადგურების გარეშე ელექტროენერგია 100 კილომეტრიან მანძილზე ვერ გაქაჩავდა, ამიტომ ყოველ 2-3 კილომეტრში იდგა. ერთი და ორი კი არა, ასობით იყო ქალაქში. ყველა დაანგრიეს და ამოთხარეს, ხაზები ჩამოხსნეს, მოსახლეობას ელექტროტრანსპორტი წაართვეს, მილიონები მიიტაცეს და მშვენივრად არიან. ახალგაზრდებს კი არც ახსოვთ, რომ თბილისში ტრამვაი-ტროლეიბუსი დადიოდა და უსმენენ ზღაპრებს იმაზე, რომ ოდესმე ეკოლოგიურად სუფთა ელექტროტრანსპორტი აღდგება.  

- რატომ ზღაპრებს? 

- ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ტრამვაი-ტროლეიბუსის პარკი აღდგება, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, გასავლელი გზა აღარ დატოვეს და მეორე, ძალიან ძვირია.. ამის ფული რომ ჰქონდეთ, მეტროს მიხედავდნენ, რომელიც როდის გაჩერდება არავინ იცის, იმიტომ, რომ რელსებიც, ვაგონებიც, გაყვანილობაც შესაცვლელია. თითქმის ბოლომდე მიყვანილი მეტროს სადგურები ვერ დაასრულეს, რომელი ტრამვაის გაყვანაზეა საუბარი? საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად, მიწისქვეშა ტრანსპორტის განვითარება შეჩერდა და მიწის ზემოთ საცობების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა