ველოდებით პრეზიდენტს, როგორც მან განაცხადა, ის მარშზე მოვა - ნინო ლომჯარია
დღეს, 19:00 საათზე, მარშის მონაწილეებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიმართავენ - მაღალი ალბათობით მარშის მონაწილეებს პრეზიდენტიც მიმართავს,- ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ დღეს დაგეგმილ მარშზე საუბრისას განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან" ლომჯარიამ განმარტა, სცენა თავისუფლების მოედანზე იქნება მოწყობილი.
„მარში, მსვლელობები 5 ლოკაციიდან,17:00 საათზე დაიწყება თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს" რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით, 19:00 საათზე დასრულდება მსვლელობა და თავისუფლების მოედანზე დაგვხვდება სცენა, სადაც დაიწყება შესაბამისი პროგრამა.
გამომსვლელები იქნებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები, კერძოდ - აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, სამედიცინო სექტორი. მრავალფეროვანი წარმომადგენლობა იქნება. ასევე ველოდებით პრეზიდენტს, როგორც მან განაცხადა, ის მარშზე მოვა. იმედია ასეც იქნება. სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით სიტყვით მიმართავს. მის მაგივრად ვერ გეტყვით როგორი ფორმით ჩაერთვება",- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
თბილისში, დღეს, მარში "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან. კერძოდ,17:00 საათიდან მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება