ქართული ოცნების ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, მოვიდეს მარშზე და დაანახოს ყველას, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში - ნიკა გვარამია
პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც, შეუერთდეს მარშს და დაანახოს ყველას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, დღევანდელი დღე არის გამაერთიანებელი.
„ჩვენ მივდივართ ახლა თავისუფლების მოედანზე და ისე მთელი ქვეყანა ევროპაში. ვისაც არ უნდა ვაძლევდეთ ხმას, სინამდვილეში, ყველას ეს გვინდა. ზოგმა ამომრჩეველმა არ იცის, რომ ვისაც ხმას აძლევს, შეიძლება, სულ სხვაგან მიდიოდეს, თუმცა ბევრმა ვიცით. ამიტომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს და დაანახოს ყველას, საკუთარი არჩევანის ჩათვლით, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და ჩვენ ყველანი ვართ ერთად. ეს დღე არის გამაერთიანებელი, რადგან ეს სურვილი აერთიანებს არა მარტო ქართველ ხალხს, არამედ აერთიანებს ქართველი ხალხის წარსულს, აწმყოს და მომავალსაც. ყველა პროდასავლური ოპოზიციური ძალა, დარწმუნებული ვარ, აქ იქნება. დარწმუნებული ვარ, აქ იქნება არასამთავრობო სექტორი, ჟურნალისტები ხომ იქნებიან და იქნებიან, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი იქნება ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების, ამას ველოდები და ეს გამიხარდება ძალიან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში იმართება.