მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურია მოსალოდნელი
მოლდოვაში კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ტურში ალექსანდრე სტოიანოგლოსთან ერთად გავა. მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 98% დაამუშავა, მოქმედმა პრეზიდენტმა თითქმის 42% მოიპოვა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა სტოიანოგლომ - 26% -ზე ცოტა მეტი. იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამომრჩევლებს უნდა ეპასუხათ ემხრობიან თუ არა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საკონსტიტციო რეფერენდუმის შედეგები ჯერჯერობით 50/50-ზეა. თუმცა, რჩება შანსი, რომ დიასპორის წყალობით საკონსტიტუციო რეფერენდუმი ევროინტეგრაციის სასარგებლოდ დასრულდება.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ მოლდოვაში არჩევნებსა და რეფერენდუმში არ იყო სამართლიანი პოლიტიკური პროცესი.
თავის გამოსვლაში მაია სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა" რამდენიმე თვე გაგრძელდა და ამის უკან იდგნენ კრიმინალური დაჯგუფებები და უცხოური ძალები, რომლებიც "დაესხნენ მოლდოვას ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით".