ფეთჰულაჰ გიულენი გარდაიცვალა
თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ყოფილი იმამი და თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული FETO-ს ლიდერი ფეთჰულაჰ გიულენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.
FETO-სთან დაახლოებული პორტალი Herkul-ის ინფორმაციით, გიულენი 20 ოქტომბერს პენსილვანიის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია 83 წლის გიულენის გარდაცვალების შესახებ მისმა ძმისშვილმა ებუსემე გიულენმა დაადასტურა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2016 წელს საჯაროდ დაადანაშაულა ფეთჰულა გიულენის მომხრეები სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში. აჯანყების ჩახშობიდან მალევე, გიულენის მიმდევრების მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.
გიულენი სათავეში ედგა მოძრაობა “ჰიზმეთს”, რომელსაც მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს არა მარტო თურქეთში. მოძრაობა თავისთავს ბავშვთა საერო და რელიგიური განათლების სამოქალაქო ასოციაციას უწოდებს და აცხადებენ, რომ ასოციაცია მიზნად ისახავს ახალი თაობის მუსლიმების განათლებას, რომელიც მოემსახურება საზოგადოებას.
ფეთჰულაჰ გიულენი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი წარსულში თანამებრძოლები იყვნენ. პირველი უთანხმოება მათ შორის 1999 წელს მოხდა. მაშინ გიულენი აშშ-ში წავიდა სამკურნალოდ და თურქეთში აღარ დაბრუნებულა.