ბორჯომში მანქანა ხევში გადავარდა, არიან დაშავებულები
ბორჯომი-ბაკურიანის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხევში გადავარდა.
ორი დაშავებული, ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალში“, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ერთი კი სამედიცინო დაწესებულებაში თავად მივიდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" შემოყვანეს სამი დაშავებული, აქედან ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ხოლო ერთი გოგონა თვითდინებით. სამივეს მდგომარეობა, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ორი არის მსუბუქი დაზიანებებით, ერთი მამაკაცის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა, მას ამჟამად კლინიკო - ლაბორატორიული კვლევები უტარდება“,- ამბობენ კლინიკაში.
მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. სამართალდარღვევა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.