“ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის“ - გიორგი გახარია
“გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ადეკვატურობაში მხოლოდ მას კი არა, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას ეპარება ეჭვი.
“ეს არის გასაოცარი დემოკრატის სახე, რომელსაც დაგვპირდა საპატიო თავმჯდომარე. მუქარა ივანიშვილის მხრიდან არ არის პირველი, მაგრამ პირველად გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით, დაჭერებით და რაც მთავარია, ემუქრება ჩემი გუნდის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების წარმომადგენლებს. მე აბსოლუტურად ღიად მინდა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა და მათ ვუთხრა - ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანები, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაშიც მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებს უკვე ყველას ეჭვი ეპარება, არათუ არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის, არამედ თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი და ემოციური კონტროლისგან გასულია. გონივრულობის მიღმაა ისეთ რაღაცებს საუბრობდა და მე არც გავცემ პასუხს. ეს პირდაპირ აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე და პირველ რიგში, “ოცნების“ მხარდამჭერებს, რა დღეშია და ვის ხელშია დღეს ეს ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ ფულის გამო ვაჭრობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციით და მეორე, თურმე ვინც პერსონალურად არ ეთანხმება ივანიშვილს და “ოცნებას“, ყველანი მოღალატეები, ხალხის მოღალატეები და ხალხის მტრები [არიან] და რაღაც ტერმინოლოგიები შემოიტანა.
შემდგომ, როგორც ჩანს, თავისი სიძლიერის, თვითდაჯერებულობის და 70%-იანი მხარდაჭერის დასადასტურებლად “იმედის“პროვოკატორები გამოგვიგზავნა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას “გარეწარი“ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც უწოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, “გახარია საქართველოსთვის“ წევრები “ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე იმეორებენ და უარესსაც, რის გამოც "მკაცრ სასჯელს იმსახურებენ".