„ის ადამიანები, რომლებიც სპორტსმენებს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ, მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან“ – ლაშა ტალახაძე
საზოგადოების ნაწილის არაერთგვაროვან შეფასებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რამდენიმე წევრის მონაწილეობას მოჰყვა, ოლიმპიური ჩემპიონი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-7 ნომერი ლაშა ტალახაძე გამოეხმაურა.
როგორც ძალოსანმა „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, „ის ადამიანები, რომლებიც სპორტსმენებს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ, მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან“.
„მოგეხსენებათ, ჩვენმა ფეხბურთელებმა რამხელა სიხარული მოგვიტანეს. ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ თითოეულ მათგანს [სპორტსმენებს], მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან – ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ბულინგი, შეურაცხყოფა ძალიან ცუდია.
ბიჭებს მინდა ვურჩიო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ვიცხოვროთ ღირსეულ, განვითარებულ, მშვიდობიან საქართველოში, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რაც გვიყვარს და ეგეთი ადამიანები, სამწუხაროდ, ბევრნი იქნებიან, რომლებიც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ უმიზეზოდ და ა.შ.
მინდა თითოეულ მათგანს შევახსენო, რომ ის სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ. უბრალოდ ყველამ ერთად გავიღიმოთ და გავუღიმოთ იმ ადამიანებს“, – თქვა ლაშა ტალახაძემ.