თუ მოქალაქე გადაწყვეტს დამნაშავეების მხარდაჭერას, უნდა დადგეს თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი - "ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
“ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა პასუხისმგებლობის საკითხს ეხება. განცხადების მიხედვით, მიუხედავად მკაფიო მტკიცებულებების არსებობისა, თუ მოქალაქე კვლავ გადაწყვეტს დამნაშავეების მხარდაჭერას და ამით მათთვის დანაშაულის ჩასადენად “იარაღის გადაცემას“, ცხადია უნდა დადგეს თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი.
"რაც უნდა ეცადოს გახარია, საკუთარი თავი გამიჯნოს კოლექტიური ნაცმოძრაობისგან, ფაქტები სხვა რეალობას აჩვენებენ. წარსულს რომ აღარ შევეხოთ, საკმარისია გავიხსენოთ ე.წ. ქარტია, რომელსაც კრებსითი ნაცმოძრაობის სხვა დანაყოფებთან ერთად გახარია-ხაზარაძეც აწერენ ხელს. ე.წ. ქარტია კი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გეგმა აგენტურული ქსელის მიერ. აღნიშნული დოკუმენტის თითოეული პუნქტი ქვეყნის გარედან არის ნაკარნახევი და საკუთარი შინაარსით საქართველოს სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგაა მიმართული.
საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ არჩევნებში “ქართული ოცნების“ გამარჯვებით ვერ მოხერხდება. აუცილებელია ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცე გაიწმინდოს აგენტურისგან და დამნაშავეებისგან. ასევე, მიუხედავად მკაფიო მტკიცებულებების არსებობისა, თუ მოქალაქე კვლავ გადაწყვეტს დამნაშავეების მხარდაჭერას და ამით მათთვის დანაშაულის ჩასადენად "იარაღის გადაცემას", ცხადია უნდა დადგეს თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი. მხოლოდ ასე შევძლებთ საბოლოოდ გავთავისუფლდეთ შიდა პოლიტიკაზე საქართველოს მტრული ძალების გავლენისგან. მხოლოდ ასე შევძლებთ დავაზღვიოთ რისკი, რომ ადრე თუ გვიან ქვეყნის გარედან კვლავ მოახერხებენ აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რაც საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებას, ლგბტ-იდეოლოგიის დაკანონებას და ქვეყნის ომში ჩართვას გამოიწვევს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.