ომის დაწყებიდან უკრაინაში მოსახლეობა მეოთხედით შემცირდა - გაერო
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით ან დაახლოებით მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
ჟენევის პრესკონფერენციაზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელის, ფლორენს ბაუერის განცხადებით, ომის დაწყებამ ქვეყანაში ისედაც რთული დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
„შობადობის კოეფიციენტი დაეცა და ამჟამად არის დაახლოებით ერთი შვილი ერთ ქალზე, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია”, - თქვა მან.
მისივე თქმით, სტაბილური პოპულაციის შესანარჩუნებლად საჭიროა შობადობის მაჩვენებელი ერთ ქალზე 2.1 შვილი იყოს.
„ომმა მყისიერი გავლენა იქონია ქვეყნის რეგიონებზეც, რომლებიც ომამდე მთლიანად იყო დასახლებული, ახლა კი არის სოფლები, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ ან წყვილები, რომლებსაც ოჯახის შექმნა არ შეუძლიათ“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, რეალური სურათი ომის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.
ცნობისათვის, ომამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონ ადამიანს აღწევდა.