ხვალ ველოდები დიდ გამარჯვებას, ველოდები „ქართული ოცნების“ უპირობო მარცხს - გიორგი ვაშაძე
ხვალ ველოდები დიდ გამარჯვებას, ველოდები „ქართული ოცნების“ უპირობო მარცხს, ველოდები ივანიშვილის მოშორებას ამ ქვეყნის მმართველობიდან , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, 23 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო დასკვნით ღონისძიებაზე მისული ადამიანების 70% „ოცნებას“ ხმას არ მისცემს.
„ძალიან ნირწამხდარი და ჩამოშლილია „ქართული ოცნება“. ოპოზიციის მიტინგზე ორჯერ მეტი ადამიანი იყო მოსული, ვიდრე „ქართული ოცნების“ ძალით ჩამოყვანილი ადამიანები, ვინც „ქართული ოცნების“ მიტინგზე იყო მისული, თავისუფლების მოედანზე - იმის 70% „ქართულ ოცნებას“ ხმას არ აძლევს. ადამიანები სახეებს ფარავენ. ოპოზიციის მიტინგზე სახედაფარული ვინმე გინახავთ?“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ნიურნბერგის პროცესს“ არ აპირებს.
„როგორც კი „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, პოლარიზაცია დამთავრება ამ ქვეყანაში. ისინი, როგორც პრორუსული ძალა, უნდა ისხდნენ პარლამენტში. ძალიან მინდა, რომ ივანიშვილი, კობახიძე, ის ადამიანები, ვინც სიაში ჰყავთ, ისხდნენ პარლამენტში და გაგვიწიონ ოპონირება. მათგან განსხვავებით ჩვენ ოპოზიციის განადგურებას, გაუქმებას და ნიურნბერგის პროცესებს არ ვაპირებთ. ევროპული სტანდარტი და ევროპული დემოკრატია ეს არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ შედეგი არჩევნებზე დაახლოებით 20% იქნება.
„თუ პროცესი იქება განუხრელად შესრულებული, რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ სწორადაა ყველაფერი გაკეთებული. თუ რამე მანიპულაციას ექნება ადგილი, გვყავს ყველა უბანზე წარმომადგენელი, ბევრი კომისიის წევრია, ბევრი დამკვირვებელია და ამასაც გეტყვით, არ დაგიმალავთ. მე მათ ვუწინასწარმეტყველებ, რომ შეიძლება მათი შედეგი იყოს 20%, ან ცოტა მეტი, ან ცოტა ნაკლები. ყალბი რეალობა, რომელიც მათ შექმნეს, საბოლოოდ ჩამოინგრევა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.