„ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია, მაგრამ ხვალ ამის გაფორმება მოხდება - მამუკა ხაზარაძე
სულ, რაღაც 11 საათში ჩვენი ქვეყნის, ოჯახების, მომავალი თაობის, ჩვენი საქართველოს ბედი გადაწყდება. ეს არჩევანი არის ისტორიული არჩევანი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ხვალ, ყველა უბანზე იქნება „ძლიერი საქართველო“ წარმოდგენილი და ერთი „ხმის მითვისების საშუალებასაც“ არავის მისცემენ.
„ძლიერი საქართველოს“ შტაბიდან მოგესალმებით. სულ, რაღაც 11 საათში ჩვენი ქვეყნის, ოჯახების, მომავალი თაობის, ჩვენი საქართველოს ბედი გადაწყდება. ეს არჩევანი არის ისტორიული არჩევანი. ეს არჩევანი არის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი ქვეყნის მშენებლობისთვის. მინდა, ჩვენ თანამებრძოლებს, გუნდელებს, ჩვენი შტაბის წევრების და განსაკუთრებით ჩვენი შტაბის ხელმძღვანელს დათო გამყრელიძეს, გადავუხადო მადლობა, იმ არაჩვეულებრივი მუშაობისთვის, რაც მან ჩვენ გუნდთან ერთად ჩაატარა.
ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი წარმომადგენლები არიან ყველა უბანზე. ვუყურებთ და ვაკვირდებით პროცესებს. არავის მივცემთ ერთი ხმის მითვისების უფლებას, რადგან ეს არჩევნები არის ისტორიული. ამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და აირჩიოს ის ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას მოემსახურება და არა ისეთი, როგორიც დღეს ჰყავს „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ყველანი არჩევნებზე! ჩვენ გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია, მაგრამ ხვალ ამის გაფორმება მოხდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.