საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის მოუწევს: -
(#41) “ქართული ოცნება“
(#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“
(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა
(#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
(#25) “გახარია საქართველოსთვის“
(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
(#36) “გირჩი“
(#23) “ჩვენ“
(#6) “ევროპელი დემოკრატები“
(#17) “საქართველო“
(#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
(#26) “მემარცხენე ალიანსი“
(#20) “თავისუფალი საქართველო“
(#21) “ტრიბუნა“
(#16) “შეცვალე საქართველო“
(#27) “ქართველ ერთობა“
(#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის არის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველია შეყვანილი.