თეგებით ძიება

საპარლამენტო არჩევენებს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე, პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.

ცესკო-ში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისია რამდენიმე ორგანიზაციას ჰყავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მრავალრიცხოვანი მისია – 2 654 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული ორგანიზაციას „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, რომლის დირექტორად მითითებულია ეკა აგლაძე და გრიგოლ გაგნიძის ორგანიზაციას „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, რომელზეც გაცემულია 2 492 აკრედიტაცია. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (isfed) არჩევნებს მონიტორინგს 1 665 დელეგატით გაუწევს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ – 650 დამკვირვებლით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კი 977 წარმომადგენლით დააკვირდება კენჭისყრის დღის მიმდინარეობას. 1 614 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული ორგანიზაცია „თავისუფალი ხმას“, რომლის თავმჯდომარედ საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე მითითებულია ნიკოლოზ კურტანიძე. „მონიტორინგის ცენტრ – საზოგადოებას“ (თავმჯდომარე დავით ქისტაური) – რეგისტრირებული ჰყავს 1039 დამკვირვებელი, „საქართველოს მომავლის აკადემია“ (აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ეკალაძე) -1 232 დამკვირვებელი. „საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორ დიმა ქარჩავას მოთხოვნილი აქვს აკრედიტაცია 1 364 წარმომადგენლისთვის.

საერთო ჯამში, 111 ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას აკრედიტაცია მოთხოვნილი აქვს 23 000-ზე მეტი დამკვირვებლისთვის.

რაც შეეხება საერთაშორისო მისიებს, ყველაზე მრავალრიცხოვანი მისია ეყოლება „ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს, (OSCE/ODIHR) , რომელიც 683 დამკვირვებლით არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე წარმოდგენილი. „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ (IRI) 75 დამკვირვებელი ეყოლება, „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს“ (NDI) კი – 54 დამკვირვებელი. „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO) 119 წარმომადგენლით გაუწევს მონიტორინგს კენჭისყრის დღეს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების გარდა, არჩევნებზე რეგისტრირებულია „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის“ 75-წევრიანი, „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი, „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის“ 67-წევრიანი და „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის” (PABSEC) 5-წევრიანი მისიები. არჩევნებზე წარმოდგენილი იქნებიან „ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა – ვანაძორი“, ევროპარლამენტის 12-კაციანი დელეგაცია, ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის ცალკეული წევრები, ასევე – ანდალუსიის პარლამენტის, ესპანეთის სენატისა და ბასკეთის ნაციონალური პარტიის წარმომადგენლები, დელეგაცია ისრაელის პარლამენტიდან – ქნესეთიდან და აზერბაიჯანის მეჯლისიდან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას და საარჩევნო დღის მიმდინარეობას გაეცნობიან აშშ-ის საარჩევნო ხელშეწყობის კომისიის, ასევე ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, უნგრეთის, სომხეთის, მოლდოვის, ფიჯის, თურქეთის, მონტენეგროს, უკრაინის, უგანდის, მექსიკის, მალდივის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ალბანეთის, ფილიპინების, სერბეთის, მონღოლეთის, იორდანიის, ტაილანდის, სამხრეთ აფრიკის, ტუნისის და ჩრდილოეთ მაკედონიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

26 ოქტომბრის არჩევნებს 44-წევრიანი მისიით დააკვირდება „ევროპის დიალოგისა და დემოკრატიის ასოციაცია“ EDDA. 39 წევრი ეყოლება მისიაში „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“ – EPDE-ს. „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდს თავისუფლებისათვის“ ეყოლება 26-წევრიანი დელეგაცია.

ამასთან, მრავალრიცხოვანია საქართველოში მომუშავე დიპლომატიური უწყებების სადამკვირვებლო მისიები. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს – 95 წევრი. ევროკავშირის წარმომადგენლობას რეგისტრირებული ჰყავს 69 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს დააკვირდება ქვეყანაში აკრედიტებული თითქმის ყველა საელჩო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა