ოუენ მერფი: საქართველოში ეუთო/ოდირის 15 ჯგუფი მუშაობს
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ განაცხადა, რომ საქართველოში მისიის 15 ჯგუფი მუშაობს, თითოეულ მათგანს დაკვირვების საკუთარი არეალი აქვს, ხვდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების წევრებს, ადგილობრივ მედიას.
მისი თქმით, 27 ოქტომბერს მისიას დაგეგმილი აქვს წინასწარი განცხადება, რომელშიც შეჯამდება სამუშაო, საუბარი შეეხება საარჩევნო გარემოს, პოლიტიკური პარტიების აქტივობებს, საარჩევნო ადმინისტრაციების სამუშაოს და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ბოლო არჩევნების შემდეგ არის მიღებული.
„ჩვენი სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფი საქართველოში 10 სექტემბერს ჩამოვიდა. 17 სექტემბერს ჩამოვიდნენ გრძელვადიან პერიოდში მომუშავე დამკვირვებლები. ქვეყნის მასშტაბით 15 ჯგუფი მუშაობს. თითოეულ მათგანს დაკვირვების საკუთარი არეალი აქვს. ისინი ხვდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკურ პარტიების წევრებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, ხვდებიან ადგილობრივ მედიას. ცდილობენ, შეაფასონ, თუ როგორაა მომზადებული არჩევნები და როგორია საარჩევნო გარემო. 11 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ შუალედური ანგარიში, რომელშიც ვსაუბრობთ, თუ რა სფეროებს ვაკვირდებით. ხვალისთვის დაგეგმილი წინასწარი განცხადება იქნება ჩვენი სამუშაოს შეჯამება, რაც ეხება ჩვენი დაკვირვების მთელ პერიოდს და არჩევნების დღეს. ჩვენ გვექნება საშუალება, სრულად ვისაუბროთ საარჩევნო გარემოზე, პოლიტიკური პარტიების აქტივობებზე, საარჩევნო ადმინისტრაციების სამუშაოზე და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც იყო მიღებული წინა არჩევნების შემდეგ. ხვალ შესაძლებელი იქნება სრული შეფასების მოსმენა", - განაცხადა ოუენ მერფიმ.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მისია საქართველოში დიდი ხანია იმყოფება, ჯგუფის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ პოლიტიკურ პარტიებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის მასშტაბით.
„ჩვენ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის წარმადგენლებს შევხვდით, ერთი და იგივე კითხვები დავუსვით, თუ როგორია მათი აღქმა, შეხედულება საარჩევნო გარემოს მიმართ. ამ დისკუსიებიდან - და გუშინ იყო კიდევ ერთი დისკუსია პარლამენტის წევრებთან - მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები საარჩევნო პროცესსა და კამპანიის შესახებ. ამ ყველაფრის შესახებ ხვალ ვისაუბრებთ, ვიტყვით, რას გვეუბნებოდნენ პარტიები, გავაკეთებთ შეფასებებს. მედიას დიდი როლი აქვს. თქვენ აქ ხართ და აკვირდებით პროცესებს, ინტერვიუს წერთ ჩემთან. ამისთვის დიდი მადლობა და ხვალ გვექნება საშუალება, ვისაუბროთ მედიის როლზე არჩევნების დროს, ასევე იმაზე, როგორია ჩვენი დაკვირვების შედეგი მედიის ოპერირების შესახებ საქართველოში საარჩევნო პერიოდში. ჩვენს ანგარიშში ამ საკითხზე ცალკე სექცია იქნება დათმობილი. ჩვენ ასევე ჩავატარეთ მედიამონიტორინგი და გვყავს ჯგუფი, რომელიც აკვირდებოდა მედიას. ვაკვირდებით, რას ამბობდნენ სხვადასხვა არხზე, რა იწერებოდა ვებგვერდებზე, ასევე ვახდენდით სოციალური მედიის მონიტორინგს", - განაცხადა ოუენ მერფიმ.