თეგებით ძიება

აღვირახსნილი, „ფეესბეშნიკურ კაგებეშნიკური“ სპეცოპერაცია ჩაატარეს - ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება - ელისაშვილი

აღვირახსნილი, რუსული, „ფეესბეშნიკურ კაგებეშნიკური“ სპეცოპერაცია ჩაატარეს და უნდათ, რომ ორი მუჭა ნაცარი თვალებში შემოგვაყარონ, თავი დავუხაროთ და ვუთხრათ, რომ კი ბატონო, ვაღიარებთ [არჩევნების ლეგიტიმურობას]. არავითარ შემთხვევაში! - არავინ გაბედოს ხელების ჩამოყრა, ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება ჩვენი ქვეყნისთვის და ამას აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციას ბარიერგადალახულ პარტიებთან და პრეზიდენტთან კონსულტაციები აქვს.

„უპირველესად, მინდა ყველას მივმართო, ვინც ცოტა დათრგუნულია, ცოტა გული გაებზარა და ყურები ჩამოყარა - ღმერთია მოწამე, რომ ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვცდილობდით ევროპულად, ადამიანურად წარგვემართა კამპანია. ვსაუბრობდით სამუშაო ადგილებზე, ანაკლიის პორტზე, პენსიის ათას ლარამდე გაზრდაზე, ევროკავშირისკენ სვლაზე.

ერთი მავნებლობა არ ჩაგვიდენია, ხელი ერთი არაფერზე არ გაგვცდენია, პატიოსნად, წესიერად ვატარებდით ამ კამპანიას, მაგრამ თავზე გადაგვახიეს ეს ყველაფერი. აღვირახსნილი, რუსული სპეცოპერაცია, „ფეესბეშნიკურ კაგებეშნიკური“ ჩაატარეს და უნდათ, რომ ორი მუჭა ნაცარი თვალებში შემოგვაყარონ, თავი დავუხაროთ და ვუთხრათ, რომ კი ბატონო, ვაღიარებთ [არჩევნების ლეგიტიმურობას]. არავითარ შემთხვევაში! მინდა ყველა გავამხნეო, ჩვენ ძალიან მხნედ ვართ. ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. რა ვქნათ, ეს არის ჩვენი ბედისწერა. გითხარით, სხვაგვარად გვინდოდა და არ მოგვცეს ამის საშუალება. ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. ამ ბრძოლისთვის მზად ვართ, თავგანწირვისთვის მზად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენ უკან დგას საქართველო. უკან დასახევი არა გვაქვს! ჩვენგან მეტ ჟინს მოითხოვს საქართველო. ამის ჟინიც გვაქვს, ენერგიაც, სურვილიც. კონსულტაციები გვაქვს დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებთან, პრეზიდენტთან. უამრავი აზრი გვაქვს. არავითარ შემთხვევაში არავინ გაბედოს ხელების ჩამოყრა, ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება ჩვენი ქვეყნისთვის და ამას აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა