ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ ამ გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე - გიორგი მარგველაშვილი
ერთად ვიქნებით, ერთად გავიმარჯვებთ და ერთად გადავარჩენთ სამშობლოს - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ ამ გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე, ამას დასჭირდება ძალიან მხნედ ყოფნა, ამას დასჭირდება ბევრი საათი, ერთმანეთის გაძლიერება და გამხნევება, მაგრამ ყველა მინდა ვუთხრა - შემოგვხედეთ, აი, ჩვენ და ჩვენი ამომრჩეველი, აი, აქ ვდგავართ ერთად, ამდენი ვართ რეალურები ვართ, ხელშესახები ვართ, ვართ ცოცხლები, ჩვენ არ ვართ უბრალოდ რიცხვები, რომელსაც ჩაწერ და მოიტყუები.
ჩვენ ვართ, ცოცხალი ადამიანები, რომელიც ვიცავთ ჩვენს სამშობლოს და რომელიც მოტყუების და საქართველოს გარუსების გეგმას არასდროს არ მოვაწერთ ხელს და აქ ვიდგებით, მტკიცედ ისე როგორც ვიდექით ხოლმე და ისე როგორც ვიმარჯვებდით ხოლმე ყოველთვის, ასეთი იქნება ამ პროცესის მომავალი.
ასე მტკიცედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მდგარან აქამდე, ჩვენ დავანახეთ ყველას იმ რაოდენობით გამარჯვებული ხალხისა, რომელიც მიდიოდა საარჩევნო უბნებზე საქართველოში, უცხოეთში, იმ სიმტკიცით რომელიც ჰქონდა ჩვენს დამკვირვებლებს ამ გაყალბების მანქანის წინააღმდეგ. ჩვენ დავანახეთ, მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის მონები, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი.
ეს სიძლიერე უნდა ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ქართველი ერი და ქართველი პოლიტიკოსები ერთ მხარეს ვდგავართ ხოლო მეორე მხარეს არის, რუსეთის, პუტინის მიერ შეკოწიწებული რაღაცა ხელისუფლება - განაცხადა მარგველაშვილმა.