დიდად არ გვეხატება ერთმანეთი, მაგრამ ვალდებული ვართ, ბრძოლაში ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული, ამათ რომ დავამარცხებთ, შემდეგ დავერიოთ - ელისაშვილი
დიდად არ გვეხატება ერთმანეთი, მაგრამ ვალდებული ვართ, ბრძოლაში ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული, ამათ რომ დავამარცხებთ, შემდეგ დავერიოთ, ერთმანეთის ლანძღვაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები, - განაცხადა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა.
„აქ ყველანი ვდგავართ ერთმანეთის გვერდიგვერდ. იცოცხლე პოლიტიკოსებს ყველას გალანძღული გვყავს ერთმანეთი, ჩემპიონატი გვქონდა, ვინ უფრო ხმამაღლა მივაყენებდით ერთმანეთს შეურაცხყოფას. გვქონდა, აღარ გვაქვს. გულზე ხელი დავიდოთ, ახლაც დიდად არ გვეხატება ერთმანეთი, მაგრამ ის ძალები, ოთხი პოლიტიკური პარტია და კოალიცია, რომელმაც გადალახა ბარიერი, ვალდებული ვართ, ბრძოლაში ვიყოთ ერთმანეთის მხარდამხარ, ერთად შეკრული, ერთ მუშტად შეკრული. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც შემიყვარდა ან ვიღაცას შევუყვარდი, საქართველოს სჭირდება ასე. ჩვენი საერთო ბრძოლა სჭირდება საქართველოს.
მინდა, გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, მილანძღია იცოცხლე, არც თუ უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, მაგრამ ახლა არ არის ერთმანეთზე წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა. პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა. ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ კაცო, ერთმანეთის ლანძღვაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები. არჩევნებს რომ დავანიშვნინებთ, მერე ვიკამათოთ, მერე ვიკინკლაოთ, მაგრამ ახლა ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.