"დათის ავარიის ამბავი ამერიკაში შემთხვევით, "ფეისბუქით" გავიგე... მისი ოჯახიდან არავინ მოსულა თანაგრძნობისთვის" - დათი ქოქრაშვილის დედა მძიმე დღეებს იხსენებს
ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის დედა, 39 წლის ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ პროექტთან "ქალები საქართველოდან", მისი გამოცდილების შესახებ საუბრობს და იხსენებს იმ დღეს, რამაც მათი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.
ამჟამად დათი, ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და მკურნალობს.
3 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე მომხდარმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. 8 წლის დათის, რომელიც ტროტუარზე სკოლის ტრანსპორტს ელოდებოდა, ავტომობილი დაეჯახა. მისი მშობლები აშშ-ში იმყოფებოდნენ, დათის სკოლაში ბებია აცილებდა, რომელიც შვილიშვილს ფანჯრიდან უყურებდა...
“მოგვიანებით, ერთ-ერთი თვითმხილველი მძღოლის მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერზე ვნახე, როგორ ცდილობდა ბავშვი მანქანისთვის თავის არიდებას, მაგრამ ვერ შეძლო და აჩქარებულმა რკინის მასამ ზემოდან გადაუარა. სასწრაფოს მოსვლისას ბავშვი გონზე იყო. ყველაფერი უთხრა, დათი მქვია და 8 წლის ვარო. იაშვილის კლინიკაში მისი გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანი ფეხის, მენჯ-ბარძაყის ჩათვლით, წელამდე, ამპუტაცია დასჭირდა.
როგორც ის აცხადებს, ბრალდებულის ოჯახიდან, მათთან კონტაქტზე არავინ გასულა:
“ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებულები დათის სიცოცხლის გადარჩენით, რომ დამნაშავის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ახლობლებისგან ვიგებდით. ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელზეც ზოგი ამბობდა, არ იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაშიო, ზოგი კი – მომხმარებელი იყო, მაგრამ იმ დილით ფხიზელი იყოო. საბოლოოდ, მას ამ დანაშაულისთვის უმაღლესი სასჯელი, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
დღეს მოზარდი “ეტლით გადაადგილდება, რადგან, ფაქტობრივად, მარჯვენა მხარეს წელამდე არც ერთი ძვალი არ აქვს და ყავარჯნებით უჭირს კოორდინაციის დაცვა“.