"დააკვირდით 4 წლის წინანდელ მოვლენებს, რას აპროტესტებდნენ არჩევნების შემდგომ - იგივე რეჟიმში არიან ახლა" - მიხეილ ყაველაშვილი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ერთი და იმავე სცენარით დაიღალა.
ყაველაშვილის თქმით, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ოპოზიციის მიერ წინასწარ გაწერილი სცენარია.
"დაიღალა ქართველი ხალხი, გადაახვიეთ უკან... არ გასულა დიდი დრო. 4 წლის წინ დააკვირდით მოვლენებს - რას აპროტესტებდნენ არჩევნების შემდგომ. იგივე რეჟიმში არიან ახლა.
გაიხსენეთ, "ისფედის" ეს თითქოს შეცდომა 3%-იანი, რომელიც მაშინ მიზეზი იყო, დღეს კი ეს მიზეზიც კი არ აქვთ. დღეს რაღაც გაყალბებაზე საუბრობენ, გაურკვეველ ფაქტებზე, სიგიჟეა ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ დავინახეთ და ვიცით, ვისი დავალებით მოქმედებენ ეს ადამიანები, ვისი დავალებით გამოვარდა ეს ქალბატონი, პირდაპირ ვამბობ ეს ქალბატონი [სალომე ზურაბიშვილი] არის აგენტი და მასთან ერთად დგომა არის სირცხვილი. შერცხვება ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს მის გვერდით დგას და გულწრფელად სჯერათ მისი.
ამ ადამიანმა უღალატა თავის მრწამსაც და იმ ადამიანებს, ვინც ის აირჩია. ადამიანებს ხომ გვაქვს უნარი, რომ ვიაზროვნოთ? გამოვარდა პირდაპირი დავალებით და გაყალბებული დაარქვა არჩევნებს... დააკვირდით, ვის აძლევს ინტერვიუებს. როგორ აძლევენ იმის საშუალებას, რომ იქ გამოიყენონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ჩვენი პრეზიდენტის სიტყვა, რომ კითხავენ, საიდან იცით, რომ გაყალბდა არჩევნებიო, იტყვიან, პრეზიდენტმა თქვაო. ეს ყველა მოვლენა ერთმანეთთან დაკავშირებულია და ვიცოდით, რომ წინასწარ განხორციელდებოდა," - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.