იაფფასიან მუქარებს თავი დაანებონ, თურმე პრეზიდენტს შეფასების უფლებაც არ აქვს - ეკა ბესელია
პრეზიდენტს, რომ ეგრძნო ან ჩაეთვალა, რომ პროკურატურას ნამდვილად აქვს სურვილი ამ [გაყალბების] ფაქტების გამოძიების, რაზეც საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს, შეიძლება სხვაგვარადაც მოქცეულიყო , - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ბესელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" აღნიშნა, პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში არ შეიძლება მისი დაკავება ან პასუხისგებაში მიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევანია მივა თუ არა გამოკითხვაზე პროკურატურაში ან მაგისტრანტ მოსამართლესთან.
„პრეზიდენტის გამოკითხვაზე მიწვევა ემსახურება ორ რამეს: ერთი ის, რომ საზოგადოებას აჩვენონ პრეზიდენტის მიმართ ძალის დემონსტრირება. მეორე მხრივ, სრულად დაცლილია სამართლებრივი პროცესისგან და არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. პრეზიდენტმა ძალიან კარგი ჟესტი გააკეთა, საჯაროდ აჩვენა ფაქტი, რომელიც აშკარად აჩვენებს დანაშაულის ნიშნებს. ეს არის მცირე ნაწილი იმ ფაქტებისა, რომელიც არსებობს. პრეზიდენტმა პროკურატურას მიუთითა - თუ გინდა გამოიძიოთ, აგერ არის ფაქტებიო.
პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური პრივილეგია - ეს არის კონსტიტუციური დაცვა, რაც გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში არ შეიძლება მისი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევანია მივა თუ არა პროკურატურაში ან მაგისტრანტ მოსამართლესთან. რომ არ მივა და რატომ არ მივა ეს უკვე განაცხადა. ეს არის მისი სამართლებრივი პოზიცია, ამაზე პრეზიდენტს პასუხს არავინ მოსთხოვს",- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის მისამართით მუქარებს თავი უნდა დაანებოს.
„იაფფასიან მუქარებს თავი დაანებონ. თუ ვინმეს პასუხისგება დადგება, დაგდება იმ ადამიანების, ვინც ამ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება პრეზიდენტს, თურმე შეფასების უფლებაც არ აქვს. ხომ ჰგონიათ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება ვინმეს მიულოცოს, შეხვდეს ევროპელ ლიდერს, იფიქროს საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობაზე, ახლა თურმე როგორ შეუძლია არჩევნების შეფასება. სადამდე მიდის ამათი ფანტაზია. ასეთი წარმოუდგენელი განცხადებებით, მართლა გააოგნეს მთელი ცივილიზებული სამყარო.
როდესაც პრეზიდენტი შეფასებას აკეთებდა, სხვათა შორის, იგივე შეფასება აქვს ეუთო/ოდირს, იგივე თქვეს NDI-ის და IRI-ის სადამკვირვებლო მისიებმა, იგივე გაიმეორა ჯოზეფ ბორელმა, იგივე თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. მოდი, ყველა დაიბარონ პროკურატურაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისვე შეფასებით, პროკურატურის მიზანია გამოძიების ფორმალურად დაწყება.
„პროკურატურის დღევანდელმა განცხადებამ, კიდევ უფრო მეტად გააჩინა უნდობლობის განცდა და ის, რომ ეს ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და არა სამართლებრივი. ფორმალურად სურთ გამოძიების დაწყება, მაგრამ საფუძველს რომ ჩახედავ, რომ გამოძიების დაწყება ცესკოს მიმართვის საფუძველზე ხდება და არა საჯაროდ გავრცელებული კანონდარღვევების ფაქტზე, უკვე ჩანს რა არის მოტივი და შინაარსი",- განაცხადა ეკა ბესელიამ.